კობახიძე ევროპარლამენტარებს უმტკიცებდა, რომ "ივანიშვილი ოლიგარქი არ არის"

21.07.22 20:22
კობახიძე ევროპარლამენტარებს უმტკიცებდა, რომ "ივანიშვილი ოლიგარქი არ არის"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ევროპარლამენტარებთან პირისპირ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ დელეგაციის წევრებს ის არგუმენტები მოუყვანეს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს კრემლთან კავშირი არ აქვს,  არც ქართულ პოლიტიკაშია ჩართული და არც ოლიგარის სტატუს იმსახურებს. 

ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ავღნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერები და რეზოლუცია ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება. თუ არის ამის განეიტრალების სურვილი ეს უშუალოდ ევროპარლამენტის მხრიდან უნდა მოხდეს. 

არ არსებობს არცერთი ფაქტი, მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, მას აქვს ფარული გავლენები პოლიტიკაზე და მედიაზე. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, ფაქტად დავაფიქსირეთ და ამაზე სხვაგვარი პასუხი ჩვენ არ მიგვიღია. 

თუ ევროპარლამენტი არის მიუკერძოებელი და ამ შეხვედრის მონაწილე ევროდეპუტატები იყვნენ მიუკერძოებლები, ბუნებრივია, როცა ფაქტს ეუბნები, ამაზე არაფერს გიპასუხებენ"- თქვა კობახიძემ.