"არ მინახავს პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს" - პრეზიდენტი ღარიბაშვილს დიპლომატიის არცოდნაში ადანაშაულებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ურსულა ფონ დერ ლეიენისთვის მიწერილი წერილის გამო მკაცრად აკრიტიკებს.
მისი თქმით, 40 წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, თუმცა მსავსი წესები არსად უნახავს:
არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკს ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული"- განაცხადა პრეზიდენტმა „პირველი არხის“ გადაცემა „დღის თემასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში:
არის რაღაცები დიპლომატიაში, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე"- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
ქვეყნის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ წერილის გაგზავნის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში იყო.
რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ სხვაზე გადაბრალებით საქმე არ კეთდება.