"არარელევანტური და უსაფუძვლო განცხადებები" - იონათამიშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს
სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება“ საპასუხოდ უპირისპირდება და ამბობს, რომ მმართველ პარტიას საგარეო პოლიტიკაში დასაწუნი არაფერი აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, გაუგებარია რატომ ფიქრობს პრეზიდენტი, რომ საქართველო რუსეთს უფრთხილდება.
მისი არგუმენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებია სადაც ქვეყანა რუსეთს უგებს.
იონათამიშვილის თქმით, პრეზიდენტის შეფასებები ძალიან უხერხულია.
ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა, იმ უფლებამოსილების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია...
კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ელჩის რეპუტაციაზე მსგავსი საუბარი, რომელიც არის ძალიან მაღალი პროფესიონალი.
საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ. ეს არის ჩვენი ერთიანი მუშაობის შედეგი. ვფიქრობ, ძალიან უხერხულია, როდესაც ერთ მხარეს არის ასეთი კონკრეტული საერთაშორისო სასამართლოების ვერდიქტები და მეორე მხარეს კეთდება არარელევანტური და უსაფუძვლო, უარგუმენტო განცხადებები“.- თქვა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება "ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. „რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.