დესტრუქცია და დესტაბილიზაცია გიორგი ვაშაძისთვის ახალი არ არის - ვოლსკი

25.07.22 15:15
დესტრუქცია და დესტაბილიზაცია გიორგი ვაშაძისთვის ახალი არ არის - ვოლსკი

რაქვიაშვილი-ვაშაძის დაპირისპირებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ირქმუნება, რომ რაქვიაშვილის ბრალდებები, თითქოს ვაშაძე "ოცნებამ" მოისყიდა, უსაფუძლოა.

ამასთან, ხელისუფლების წევრი ამბობს, რომ დესტრუქცია და დესტაბილიზაცია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერისთვის ახალი არ არის. 

გიორგი ვაშაძე ამ თავის მოქმედებებით, ამ თავისი მყვირალა განცხადებებით, დეზინფორმაციით, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერით უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს და არანაირად არ შეიძლება, რომ საზოგაოდების ინტერესისადმი დაპირისპირება განვიხილოთ „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებად. გიორგი ვაშაძისთვის ეს ახალი არ არის, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია და შეძახილები, რომელსაც საფუძველი არანაირად არ უდევს, - თქვა ვოლსკიმ.   

"გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი ეჭვობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გიორგი ვაშაძე მოისყიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვარაუდი "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის ქმედებებს ეფუძნება, რომელიც  ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩაუდგა სათავეში. 

რაქვიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ორ ბანაკად მუშაობა და პროცესების გახლეჩვა ახლა სწორედ მმართველი პარტიის ინტერესშია.