„ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა პავლიკა მოროზოვობას ნიშნავს, მოროზოვებში ზურაბიშვილიც გამოერია - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავჯდომარე კრიტიკულ მედიას ისევ თავს ესხმის და "მთავარი არხის" ჟურნალისტის ბულინგს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, სადაც კრიტიკული მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლებს პავლიკა მოროზოვებად მოიხსენიებს.
კობახიძე პავლიკა მოროზოვს პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც უწოდებს და წერს, რომ დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რაზეც ხელისუფლება ყველა ძალისხმევას იხმარს.
გუშინ "მთავარის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას "მთავარიდანაც" კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ, - წერს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" თავმდჯომარეს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რამაც კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია და მან კრიტიკული მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა.