შეისწავლეთ კობახიძის გამონათქვამები ეთიკის კოდექსის ფარგლებში - მედიაკოალიცია პარლამენტს
კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ირაკლი კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებში შეისწავლოს.
კოალიცია გმობს "ქართული ოცნების" მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.
ამასთან, კოალიცია მიმართავს "ქართული ოცნების" გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.
მათივე შეფასებით, პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს.
"გასათვალისწინებელია, რომ "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი"[2] საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები", - წერია კოალიციის განცხადებაში.