ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ქალი ოკუპირებულ აფხაზეთში - ,,ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია
ოკუპირებულ გალში აფხაზური მილიციის მიერ დაკავებული 24 წლის ქალს, ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებენ. მარიონეტული ხელისუფლების ე.წ. პროკურატურას ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ "მტკიცებულებად" დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები და წერილები აქვს.
სპეცოპერაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნაბაკევში, განხორციელდა. მცირეწლოვანი ბავშვის დედას სახლში სპეცრაზმი შეუვარდა. 24 წლის გოგოს ხელბორკილები დაადეს და სახლის ჩხრეკა დაიწყეს.
ქრისტინა თაკალანძეს შპიონაჟში ადანაშაულებენ. დე-ფაქტო რეჟიმი ამტკიცებს, რომ დაკავებული ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაციას აწვდიდა. ამის დასტურად კი ქალის ჩანთიდან ამოღებული ნივთები მოჰყავთ. აფთიაქის ფასდაკლების ბარათები, საბანკო ბარათი და წერილები, რომელსაც მას სავარაუდოდ, ზუგდიდიდან გალში ატანენ.
ქრისტინა თაკალანძე მცირეწლოვან შვილთან ერთად, ზუგდიდში ცხოვრობდა. თუმცა ხშირად ის ოკუპირებულ გალში, მშობლების სახლში, ხშირად გადადიოდა. ბოლოს მან ენგურის ხიდი 20 ივნისს გადაკვეთა, თუმცა ე.წ. საზღვარზე ის შეუფერხებლად გაატარეს. 5 დღის შემდეგ კი სოფელ ნაბაკევში სპეცრაზმი და ადგილობრივი პოლიცია გამოჩნდა. ქალს ბორკილები ოჯახის წევრების თვალწინ დაადეს. მას უკვე მიუსაჯეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა.
უკანონო პატიმრობაში მყოფი ქალის დაკავებიდან 24 საათი გავიდა. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რა ვითარებაშია მცირეწლოვანი ბავშვის დედა და რას უპირებს მას საოკუპაციო რეჟიმი. როგორც ჩანს, ჯაშუშობაში დადანაშაულებული ქალის ოჯახს სუს-მა მომხდარზე საუბარი აუკრძალა და ისინი მედიასთან კომუნიკაციას ერიდებიან.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქრისტინა თაკალანძისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია და მსგავსი მოგონილი მიზეზებით ოკუპანტები ხალხს ხშირად აკავებენ. ასე იყო ირაკლი ბებუას შემთხვევაშიც, რომელმაც გალში დე-ფაქტო რეჟიმის დროშა დაწვა, შემდგე იარაღი ჩაუდეს და ბევრი წლით ციხეში გაუშვეს.