"საქართველოში მიმდინარე პროცესებთან არის კავშირში" - ივანიშვილი Credit Suisse-თან შექმნილ პრობლემაზე
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საჯარო წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაავრცელა, შვეიცარიულ ბანკთან შექმნილ პრობლემაზეც საუბრობს. ოლიგარქი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ Credit Suisse-თან არსებულ პრობლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან არის კავშირში.
ამასთან, ივანიშვილი წერს, რომ აღნიშნულ პრობლემას საზოგადოებას თავს არ მოახვევს.
რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.
ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები, - წერს ივანიშილი.
ბიძნა ივანიშილი კულისიდან გამოვიდა. ცოტა ხნის წინ მან საჯარო წერილი გაავრცელა.