შს მინისტრი ადამიანის გატაცებასა და წამებაშია ბრალდებული - გომელაური იმალება
შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მისმა უახლოესმა მეგობარმა, სოსო გოგაშვილმა, ადამიანის გატაცებაში ამხილა, კამერებთან არ ჩნდება.
"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ტაბახმელაში, შინაგან საქმეთა მინისტრის რეზიდენციასთან მოვიდა, თუმცა გომელაური სახლიდან არ გამოდის.
სუს-ის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი, ციხიდან გავრცელებულ საგანგებო წერილში აღნიშნავს, რომ 6 წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სადამსჯელო ოპერაცია შვილის მეგობარს მოუწყო. სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის”, ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინა, აწამებინა და სომხეთის საზღვარზე დაატოვებინა.
გოგაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნულ პირს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, იარაღს ჩადებით დაემუქრა.
აღნიშნული ბრალდება 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.