გოგაშვილს ინფორმაცია არ აქვს ყურის მოკვრით, ის უშუალო მონაწილე იყო პროცესების - გედევან ფოფხაძე
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, რომელსაც შეუძლია, ობიექტური ჩვენება მისცეს ,,ოცნების" დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის, ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი უშიშროების სამსახურის დატოვებამდე ყველა იმ პროცესში მონაწილეობდა, რასაც ,,ქართული ოცნება" ახორციელებდა.
ზუსტად არ ვიცი, მტკიცებულების რა მასშტაბი აქვს სოსო გოგაშვილს, მაგრამ ის რომ პირდაპირი მოწმეა იმ ყველაფრის, რაც ხდებოდა ქვეყანაში, ეს ცალსახაა. მას არ აქვს ინფორმაციები ყურის მოკვრით და ვიღაცის ჭორით, ის იყო ყველა ამ პროცესის მონაწილე. შესაბამისად, მას შეუძლია, ჩვენება მისცეს ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით და იყოს სანდო მოწმე - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სოსო გოგაშვილი მზად არის. სუსის ექს -შეფი გამომძიებლებს ოლიგარქის მამხილებელი ჩვენების მისაცემად რუსთავის ციხეში ნებისმიერ დროს ელოდება.
პროკურატურა დუმს და გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს იმის მიუხედავად, რომ დღეს დილას გოგაშვილის ადვოკატმა შოთაძის უწყებას აღნიშნული წინადადებით მიმართა.