რელიგიის სააგენტოს მართავს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში უმცირესობებს ებრძოდა - თეოლოგები
"სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიური უმცირესობების შევიწროება საბჭოთა კავშირის ხელწერაა და ასე იქცეოდა სტალინი"- ასე აფასებენ თეოლოგები რელიგიის სააგენტოს მაღალჩინოსანის მიერ მღვდელს შეურაცხყოფას.
მათი შეფასებით, რელიგიის სააგენტოს მთავარი მიზანი რელიგიური უმცირესობების შევიწროება და მათი დამორჩილებაა.
ეს არის ძალიან გაცხადებულად მაკონტროლებელი ორგანო, ისინი თავს არ იწუხებენ პოლიტკორექტულობაზე. მე როცა ბატონი თომა ლიპარტელიანის სტატუსი წავიკითხე, ერთი წამითაც არ გამკვირვებია. იმიტომ რომ ეს არის მათი დამოკიდებულება, მათი მიდგომა. მე მინახავს არათუ სატელეფონო საუბრების დონეზე მათი ზრდილობის ამბავი, არამედ საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან თავად ზაზა ვაშაყმაძე როგორ გამოირჩეოდა უტაქტობით და უპატივცემულობით რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ - აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე.
თეოლოგ ანდრო ბარნოვის თქმით კი რელიგიის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ზაზა ვაშაყმაძე, წლების წინ რელიგიური უმცირესობის მოწინააღმდეგე იყო დღეს კი მათ დამცველად გვევლინება.
პრემიერ-მინისტრისთვის ეს სააგენტო ერთგვარი ბერკეტია, რომ რელიგიური უმცირესობები გააკონტროლოს, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია სეკულარულ სახელმწიფოში. სააგენტოს თანამშრომლის მხრიდან ჩემთვის მსგავსი ფორმით ურთიერთობა და დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. ეს ადამიანი, ვინმე ავთანდილ კვერნაძე მსგავსი საქციელის გამო უნდა გადადგეს.
საინტერესო მომენტია, ადამიანი, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს ებრძოდა, დღეს რელიგიური სააგენტოს თავმჯდომარეა"- აცხადებს ბარნოვი.
რელიგიის სააგენტო 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა.
ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერი რელიგიის სააგენტოს მაღალჩინოსანს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.