მელიას სკანდალური წერილი - მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცნობია
ვის გულისხმობდა ნიკა მელია "განზრახ მავნებლებში" და ვის მიუძღვნა სკანდალური წერილი? "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის მწვავე კრიტიკაზე ბევრს არ საუბრობენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ამ წერილის შინაარსი იცის, თუმცა უფლებადამცველებთან პოზიცია არ დაუფიქსირებია.
"წერილი ჩვენთან არ შეუფასებია, როგორც ვიცი წაიკითხა"- უთხრა "ტვ პირველს" შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად საქართველოს მესამე პრეზიდენტის სურვილისა, მიხეილ სააკაშვილი "ქართული პოლიტიკური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია".
"მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძალიან დიდი ნაწილია და ამ კვალის ამოშანთვა, მისი როლის წაშლა არც დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია და არც არავის სხვას"- აცხადებს ადვოკატი.
ნიკა მელიამ საგანგებო განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა - მთავარი ოპოზიცური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი არსებობს და ეს ოლიგარქის ტყვეობიდან ქვეყნის გათავისუფლებაა.
ნიკა მელიას თქმით, "განზრახ მავნებლებთან" საუბარს არ აპირებს და სურს პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს მიმართოს, რომლებიც გულწრფელად არიან შეწუხებულები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობით.
"როდესაც მე მებრძვით, ებრძვით მიხეილ სააკაშვილს"- დაწერა ნიკა მელიამ.