საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან დაშორების ნებისმიერი მცდელობა ვიწრო ინტერესებს ემსახურება - აშშ-ს ელჩი

29.07.22 10:46
საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან  დაშორების ნებისმიერი მცდელობა ვიწრო ინტერესებს ემსახურება - აშშ-ს ელჩი

აშშ-ს ელჩი საქართველოში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი მონდომებული საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს ჩამოაშოროს. ამის შესახებ კელი დეგნანმა "ამერიკის ხმასთან"  ინტერვიუში ისაუბრა. 

რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული დაყოს საქართველო და მისი მოკავშიირები ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე დიდი მეგობარი. ჩვენ საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას ჩვენი საერთი ზმინის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო,- განაცხადა დეგნანმა. 

ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოკავშირეებისგან დაშორების ნებისმიერი მცდელობა ვიწრო ინტერესებს ემსახურება. 

საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა ემსახურება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და აშშ-საც. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს 6მლრდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და აშშ-მ მომაზადა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართელო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას, - თქვა ელჩმა. 

კელი დეგნანი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს, რათა თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში საქართველომ  საკუთარი ადგილი დაიკავოს. 

ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში, -  განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები