სად უთვალთვალებენ? როდის უთვალთვალებენ?- ვოლსკი აშშ-ს ელჩზე
უკანონო თვალთვალი აშშ-ს ელჩზე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ინფორმაციას ცრუს უწოდებს და თავს ისევ ჟურნალისტებს ესხმის. მისი თქმით, კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებული არცერთი ინფორმაცია სანდო არ არის.
თქვენ ხართ ტყუილების ფაბრიკა. გაჩერდით, ტყუილებს ნუ ლაპარაკობთ. სად უთვალთვალებენ? როდის უთვალთვალებენ? ხომ უნდა გქონდეთ ამასთან დაკავშირებით გარკვეული დამადასტურებელი ინფორმაცია? თქვენი არცერთი ინფორმაცი არ არის არათუ დამადასტურებელი, არამედ მეობას არ შეესაბამება და ჟურნალისტურ ეთიკას, - ამბობს ვოლსკი.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია სუს-დან მოპოვებული ვიდეო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები ამერიკის ელჩს უკანონოდ უთვალთვალებენ.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის ხუთი ფაილი მოიპოვეს - აქედან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია - სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი?
ირკვევა, რომ ძალოვან უწყებებს, ამერიკის ელჩის თვალთვალის მთელი სისტემა აქვთ აწყობილი. დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატების მიერ, სასტუმრო "შერატონში" დაგეგმილი დახურული ღონისძიების ამბავი სუს-ს, სასტუმრო "შერატონის", უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი რობაქიძემ მიაწოდა.