,,დროა" საქართველოში ჩამოსული, უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის თავშესაფრის ძიებას იწყებს
პარტია ,,დროა" ღია ცისქვეშ დარჩენილი უკრაინელებისთვის თავშესაფრის ძიებას იწყებს. ოპოზიციონერი ლიდერი, ელენე ხოშტარია, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მტრული დამოკიდებულება აჩვენა უკრაინელ დევნილებს და ამიტომ ახლა ჯერი ბიზნესსექტორზეა.
2300-მდე ქუჩაში დარჩენილი უკრაინელისთვის, რომელსაც განსახლების პროგრამის დასრულების შემდეგ ხელისუფლება აღარ ეხმარება, თანხის შეგროვება უკვე დაწყებულია.
ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს პირდაპირ გამოაგდო ადამიანები სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ, ეცხოვრათ და ეკვებათ.
დილიდან ჩვენ უკვე გამოგვყავს გონიოდან და ქობულეთიდან, მათ უნდა ვუპოვოთ ადგილი, სად წავლენ, ასევე თბილისის სხვადასხვა სასტუმროებიდან უკრაინელების ოჯახები, ესენი ჩვენ უნდა გადავანაწილოთ სხვადასხვა სასტუმროებში, ან ოჯახებში.
ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, თითო თეთრი, თითოეული საკვები, ბინა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მათთვის გვერდში დგომა.
ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არც ერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 5 თვის განმავლობაში უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებისთვის 14 მილიონი დაიხარჯა, ეს ხარჯები საცხოვრებელს და კვებას მოხმარდა.
ამჯერად აღნიშნული პროგრამა შეწყდა და უკრაინიდან ჩამოსულებს ყოველთვიურად მხოლოდ 300 ლარიანი დახმარება გადაეცემათ.