გასცეს კითხვებს სათანადო პასუხი - კობახიძე ამერიკის ელჩისგან განმარტებებს კვლავ ელის
ომის რიტორიკა, მოსამართლე ჩხიკვაძეზე ზეწოლა და ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება, ,,ოცნების" მაღალჩინოსნები არ ცვლიან ანტიდასავლურ რიტორიკას. ამერიკის ელჩის მაგინებელი დეპუტატების მსგავსად, ისინი ერთი ერთში იმეორებენ, რომ საზოგადოებაში დაგროვდა ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც პასუხი კელი დეგნანმა უნდა გასცეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიიდან ,,წასული" დეპუტატების მსგავსად, მოუწოდებს ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებს.
როცა პარლამენტარები სვამენ გარკვეულ კითხვას, როცა საჯარო სივრცეში გამოდის დისკუსია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ელჩმა გასცეს კითხვებს სათანადო პასუხი. დღემდე კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის მაშინ, როცა ამ კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი.
კითხვა თავისი არსით ვერ იქნება შეურაცხმყოფელი. მაგალითად, როცა ისმება კითხვა გამიჯვნასთან დაკავშირებით, იგივე ომის რიტორიკისგან გამიჯვნა, ან მოსამართლეზე ზეწოლისგან გამიჯვნა, ბიძინა ივანიშვილს რომ მოიხსენიებენ ოლიგარქად, ამისგან გამიჯვნა - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.