"ტყუილია, ტყუილი"- კობახიძის მტკიცებით, სუს-ი დეგნანის არ უთვალთვალებს
"ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ეხებოდა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტყუილს უწოდებს.
„ეს არის ტყუილი, ტყუილია, ტყუილი, მე ვიცი, რომ ტყუილია“ - განაცხადა კობახიძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია სუს-დან მოპოვებული ვიდეო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები ამერიკის ელჩს უკანონოდ უთვალთვალებენ.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის ხუთი ფაილი მოიპოვეს - აქედან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია - სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი?