"სამარცხვინო, შურისმაძიებელი" - გელბახიანი სარჯველაძეს საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორს ადარებს

02.08.22 17:30
"სამარცხვინო, შურისმაძიებელი" -  გელბახიანი სარჯველაძეს საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორს ადარებს

უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის სკანდალურ განცხადებას, მესამე პრეზიდენტის ადვოკატის უმწვავესი განცხადება მოჰყვა. 

სარჯველაძის მტკიცებით,  დღეს სააკაშვილის რეპუტაცია და გავლენა იმ მასშტაბის აღარ არის, რომ მისმა პოლიტიკიდან წასვლამ დიდი ძვრები გამოიწვიოს. 

სარჯველაძის განცხადებით, სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის.

მე არ მგონია, რომ დღეს სააკაშვილის რეპუტაცია იყოს იმ მასშტაბისა, რომ მისმა პოლიტიკიდან გასვლამ დიდი ძვრები მოახდინოს. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. ამის ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია“. - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიხეილ სარჯველაძე საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორს შეადარა.

ვალერი გელბახიანის თქმით, ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილით აშინებდა ელექტორატს და ახლა, მისი პოლიტიკიდან გასვლა აშინებთ.

„როგორც ჩანს სარჯველაძეა უფრო დიდი პოლიტიკური ფიგურა, სარჯველაძე ალბათ მოვლენაა, ფიგურა კი არ არის. მე ვიქრობ, რომ ის როგორც საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორი ისე გველაპარაკება. ეს არის სამარცხვინო. ადამიანს, რომელსაც მართლა აქვს ინტელექტუალური ლექსიკა, ეს ადამიანი გვევლინება, როგორც დამსჯელი პერსონა, შურისმაძიებელი. ამ 10 წლის განმავლობაში სააკაშვილი იყო საფრთხობელა და თავიანთ ელექტორატს მობილიზაციას უკეთებდნენ სააკაშვილის ფაქტორით.  აშინებდნენ ხალხს, რომ აი მოვა სააკაშვილი, თუ ჩვენ მხარს არ დაგვიჭერ და ეს საფრთხობელა როდესაც გადის თამაშიდან, აი ეგ აშინებთ ახლა, მერე რა ქნან არ იციან“. - ამბობს გელბახიანი.

მიდის თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ  სააკაშვილი? - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია ჯერ ისევ უცნობია.

სააკაშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს.

ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ელოდება. 

მსგავსი სიახლეები