ოპოზიცია რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

04.08.22 15:41
ოპოზიცია რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

ოპოზიცია რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის დროებითი  სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს - ინიციატივით ოპოზიციური პარტიები გამოდიან.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში, ვინც  უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებშია ჩართული, უნდა შეიზღუდოს და გაკონტროლდეს.

5-ჯერ არის გაზრდილი ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან შემომავალი ხალხის ნაკადი. გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით, 7-ჯერ არის გაზრდილი რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა. 

დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ისევ აღვადგინოთ, თუნდაც დროებით, სავიზო რეჟიმი, თუნდაც გამარტივებული, რუსეთისთვის, რომ ჩვენ რაღაც ფილტრი გვქონდეს დაყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. 

უნდა ვიცოდეთ, ვინ შემოდის, რა მიზნით შემოდის, რამდენ ხანს რჩება და როდის ტოვებს ჩვენს სახელმწიფოს. - აცხადებს ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი. 

,,ნაციონალური მოძრაობა" კი დამატებით ითხოვს, რომ უძრავი ქონება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუ ის საქართველოში დიდი ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს.

საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, ბინადრობის მიღების უფლების უკიდურესად გართულება, პლიუს, ბინადრობის უფლების მიღება მხოლოდ დიდი რაოდენობით ინვესტიციების შემდეგ, ასევე, ახლა, აი ამ რთულ ვითარებაში, დროებითი მორატორიუმის დაწესება უძრავი ქონების გაყიდვაზე, ეს ზომები უნდა მივიღოთ, თორემ უვიზი რეჟიმის გაუქმება არაფერს ცვლის - აცხადებს ,,ენმ"-ს წევრი, რომან გოცირიძე.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამ თვეში საქარათველში 13 ათასზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოკუპანტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის ომში ჩართვის წინაპირობაა.

მსგავსი სიახლეები