შს მინისტრმა ტელეფონზე საუბრისას მოსთხოვა გოგაშვილს, გაეჟღერებინა სასურველი ინფორმაცია - ადვოკატი

11.08.22 19:01
შს მინისტრმა ტელეფონზე საუბრისას მოსთხოვა გოგაშვილს, გაეჟღერებინა სასურველი ინფორმაცია - ადვოკატი

რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა შსს მინისტრი და მოსთხოვა, მათთვის სასურველი ინფორმაცია გაეჟღერებინა. - ამის შესახებ სოსო გოგაშვილის უფლებადამცველმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ციხის საშხაპეში, სადაც მიუთითეს ფანჯრის რაფაზე დადებულ ტელეფონზე და მოთხოვეს, ეპასუხა.

ადვოკატი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სოსო გოგაშვილისა და  მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც  მოთავსებულია მე-12-ე დაწესებულების 306-ე საკანში, გაიყვანეს საშხაპეში, სადაც მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და მას უნდა ეპასუხა.

რამდენიმე წუთში მართლაც ტელეფონზე განხორციელდა ზარი, გოგაშვილს ესაუბრებოდა შსს მინისტრი. 

როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, მათ შორის საუბარი იყო საკმაოდ დაძაბული, ძირითადად ის შეეხებოდა მუქარებს: იმ შემთხვევაში, თუ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, მას უნდა გაეთვალსიწინებია ის ფაქტორები, თუ რა დაემართებოდა მას, მის ოჯახს. 

ანალოგიური საუბარი შსს მინისტრთან იგივე წესით შედგა მეორე დღესაც. მოთხოვნა იყო, გაჩუმებულიყვნენ გოგაშვილი და მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე, ადრე გოგაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მიეწოდებინა მათთვის სასურველი ინფორმაცია.

რადგან გარდა გოგაშვილისა, აუცილებელი იყო მისი ოჯახის წევრების გაჩუმებაც, დაჰპირდნენ გოგაშვილს, რომ ექნებოდა კომუნიკაცია ოჯახთან, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად აკრძალული ჰქონდა მას კომუნიკაცია ადვოკატების გარდა ნებისმიერ პირთან. მიუხედავად ამ აკრძალვისა, გოგაშვილს ოჯახის წევრები ორჯერ შეახვედრეს. 

ჩვენთვის ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა გოგაშვილთან და რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი პასუხობდა შს მინისტრს. - განაცხადა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

სოსო გოგაშვილთან ციხეში ორჯერ პაემანზე შეხვედრას ადასტურებს მისი მეუღლეც, თეა მარტყოფლიშვილი. პერსკონფერენციაზე მან იუსტიციის, შს მინისტრებს, სუსი-ს უფროსსა და საქართველოს პრემიერს მიმართა.

თეა მარტყოფლიშვილი ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს, თუ მას, სოსო გოგაშვილს, ან ოჯახის რომელიმე წევრის სიცოცხლეს რამე ზიანი შეემთხვევა.

დღეს სოციალურ ქსელში პატიმარმა სოსო გოგაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რითაც მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებათ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები