ხელისუფლების უარი "სამართლიან არჩევნებს" - მესამე სექტორი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
ხელისუფლების უარი "სამართლიან არჩევნებს" - ორგანიზაცია "ქართული ოცნებას" პასუხობს. მესამე სექტორი საარჩევნო რეფორმის ჯგუფიდან გაძევებას დევნად და უფლებების შეზღუდვად აფასებს. სპეციალური ბრიფინგი ცოტა ხნის წინ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ გამართა.
მგონია, რომ ეს წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციის უფლების შეზღუდვას და დევანს მისი აზრის გამო, იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის ხოლმე კრიტიკული. სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნა იმისთვის, რომ რეფორმაზე სრულყოფილად იმუშავოს, არამედ პირიქით, პროცესის გაჭიანურებისთვის და პოლიტიკური სურვილებისთვის არის შექმნილი, სადაც ბლოკავენ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ამ მიმართულებით ექსპერტიზა, - განაცხადა დოლიძემ.
სპეციალურ ბრიფინგს "საიას" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პარლამენტში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ერთია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ცალსახად დისკრიმინაცია და მეორე არის ის, რომ ამ ყველაფრით ხელსუფლება ცდილობს პირდაპირ ჩაერიოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობებში, მათ საქმიანობაშ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია, რადგან არაფერი აქვს საერთო იმ პროცესთან, რასაც გვთხოვს ევროკავშირი, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და არსებითად აზიანებს ამ პროცესს. აქედან გამომდინარე მე არ მივიღებ მონაწილოებას იმ შეხვედრებში, სადაც დისკრიმინაციულად დევნიან პოლიტიკურად ჩემს კოლეგებს, - განაცხადა სიმონიშვილმა.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ სამომავლოდ ხელისუფლება კიდევ ბევრ საბაბს მოძებნის, რათა ამ პროცესში კრიტიკულად განწყობილი პირები ჩამოიშოროს.
"ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე "სამართლიან არჩევნებს" უარს ეუბნება. საარჩევნო საკითხებზე პირობების შესასრულებლად მმართველი პარტია შეხვედრებს არჩევნებზე მომუშავე ყველაზე გავლენიან ორგანიზაციის დასწრების გარეშე გამართავს. გადაწყვეტილების შესახებ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მმარათველი პარტია ორგანიზაციას საქმიანობას უწუნებს და ფიქრობს, რომ ისინი მხარეს წარმოადგენენ. ამასთან, "ოცნება" ირწმუნება, რომ პროცესი ინკლუზიური იქნება.