სიმდაბლეა, რაც მელიას გაუკეთეს - ჭიჭინაძე ოპოზიციის ნაწილის წინააღმდეგ

21.04.21 13:15
სიმდაბლეა, რაც მელიას გაუკეთეს - ჭიჭინაძე ოპოზიციის ნაწილის წინააღმდეგ

მელიას უმწვავესი წერილი ციხიდან - მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ოპოზიციის ნაწილს მოღალატეებს უწოდებს.

როგორც მან, "ტვ პირველს" განუცხადა, ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ისე მოაწერა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებულ ლიდერს არც კი აცნობა. 

ნიკა მელიამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგო როგორც რიგითმა ადამიანმა და ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. 

ჩვენც სატელევიზიო ეთერიდან გავიგეთ, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდიდან ადგა და პრეზიდენტის სასახლეში ტაშ-ფანდური გამართა. 

კაცი, რომელმაც ეს პროცესი შექმნა, მიიქცია დასავლეთის ყურადღება, მისი დაპატიმრებით დაიწყო ეს პროცესი და სულ მცირე იმას მაინც იმსახურებდა, რომ გადაადგილების პროცესში მაინც ჩაეყენებინათ საქმის კურსში. 

ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა, სიმდაბლე, რაც ოპოზიციამ ჩაიდინა, რომელიც ახლა ცდილობს, ვალდებულება ნიკა მელიას დააკისროს. ცდილობენ, რომ თავიანთი მოხარშული სიბინძურისგან გამოძვრნენ. ვფიქრობ, ამის საშუალებას ნიკა მელია მათ არ მისცემს და ყველას თავისი მიეზღვება. იმ უვარგის პარლამენტში შესულები, ჩვენ ვნახავთ, რას მიაღწევენ"- ამბობს ჭიჭინაძე. 

„გამხმარი ჯოხივით გადამტეხეს, ვითომც არც ვარსებობდე და ჩემთან შეთანხმების გარეშე ჩემით ივაჭრეს" -ასეთია გზავნილი, რომლითაც ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის იმ ლიდერებს მიმართავს, ვინც შეთანხმების აქტს ხელი მოაწერა. „დაღალატებულად, მოტყუებულად, გადაგდებულად და გაყიდულად ვგრძნობ თავს"- ამბობს მელია , რადგან მისი თქმით, დოკუმენტს ხელი ისე მოეწერა, რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს.

მელია თვლის, რომ მისი თავისუფლებით კონკრეტულმა ლიდერებმა "ივაჭრეს" და "თავისი გაინაღდეს".