"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს

31.08.22 18:17
"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. განცხადება პარლამენტში "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

"საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებსა და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულრად არწადგენის გზით. 

თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგნენ არც ერთ კანდიდატურას იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით", - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე  კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმებზე ისაუბრა.

"ჩვენ მზად ვართ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ დაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სატანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას. ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც კანდიდატების შეფასების წესი. ჩვენ ეს რა თქმა უნდა შევათანხმეთ გუნდის სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან". - განაცხადა მდინარაძემ.
 

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. 

მსგავსი სიახლეები