"20 000-იანი ხელფასი და თანამდებობა გაჩუმების სანაცვლოდ" - გოგაშვილის ოჯახი კობახიძეს პასუხობს და სხვა ჩინოვნიკების მხილებას აანონსებს
სოსო გოგაშვილის ოჯახი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი, თეა მარტყოფიშვილი 20 ოქტომბერს იმ ჩინოვნიკებს დაასახელებს, რომლებიც მისი მტკიცებით, გოგაშვილთან მოდიოდნენ და მას გაჩუმებას სთხოვდნენ.
ამასთან, მარტოფიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კობახიძე გოგაშვილს არა 5, არამედ ერამედ ერთი წლის წინ შეხვდა.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი აღნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი მათთან სახლში რამდენჯერმე იყო მისული. მისი მტკიცებით, პირველ შეხვედრაზე კობახიძემ გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ თანამდებობა და ფული შესთავაზა. მეორე შეხვედრის შემდეგ კი, მარტოფიშვილის განცხადებით, სოსო გოგაშვილმა პირდაპირ უთხრა მმართველი პარტიის ლიდერს, რომ "არ გაიყიდებოდა და "ქართული ოცნების" მხილებას გააგრძელებდა.
ირაკლი კობახიძე ჩვენს ოჯახში ერთი წლის წინ მოვიდა, როცა მათ თურმე საქმე უკვე აღძრული ჰქონიათ. იგი ჩვენთან შავი ფერის ავტომობილით - "შკოდათი" მოვიდა. სოსომ მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს - "ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება".
როცა ჩემს მეუღლეს ვკითხე, რა მოხდათქო, სოსომ მითხრა - მე რკინიგზაში უფროსის თანამდებობაზე უნდა წავსულიყავი, გაჩუმების სანაცვლოდ, მექნებოდა 20 000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი მშვიდად"- აცხადებს თეა მარტოფიშვილი.
მისი განცხადებით, გოგაშვილთან მოსალაპარაკებლად პარტიიდან არაერთი მაღალჩინოსანი მოდიოდა.
"მე მათ 20 ოქტომბერს დავასახელებ"- თქვა სოსო გოფაშვილის ცოლმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა დაადასტურა, რომ გოგაშვილთან სახლში იყო მისული, თუმცა კობახიძის მტკიცებით, ის ვახშამზე მივიდა და არა პოლტიკური ვაჭრობისთვის.