20 ივნისის საქმე - შეეხება თუ არა ამნისტია ძალადობაში ბრალდებულ სპეცრაზმელებს?
20 ივნისის სისხლიანი ღამე - შეეხებათ თუ არა ამნისტია იმ სპეცრაზმელებს, ვინც მომიტინგეებს თვალები დათხარეს და სასტიკად გაუსწორდნენ. კადრებში, რომელიც ოცი ივნისის ღამესაა გადაღებული, ამბარდაშვილის, ესიაშვილისა და იმერლიშვილის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ნათლად ჩანს.
დანაშაული სამი ეპიზოდისგან შედგება. სპეცრაზმელები აქციის მონაწილეს, დავით ნიორაძეს, ჯერ ძირს აგდებენ და წიხლებით სცემენ, შემდეგ კი თავისა და სახის მიდამოებში მუშტს ურტყამენ.
ნიორაძის შემთხვევა პრაქტიკულად ერთადერთია, რის გამოც კონკრეტული პირები პასუხისგებაში მისცეს, რადგან არაადამიანური მოპყრობის საქმეს ჰყავს კონკრეტული დაზარალებული და ბრალდებულები. მაგალითად, მაკო გომურის საქმეში, ვინც ასევე დაზარალებულია, გამოძიებას არ ჰყავს დადგენილი, ვინ ესროლა თვალში ტყვია ახალგაზრდა გოგონას.
თავად დავით ნიორაძე "ტვ. პირველთან" ბუნდოვან განცხადებას აკეთებს და გვეუბნება, რომ ამნისტიის საკითხზე მას არ უფიქრია. შესაბამისად უცნობია, მისცემს თუ არა სპეცრაზმელების გათავისუფლებაზე თანხმობას დაზარალებული.