ოპოზიციის ლიდერების თვალთვალის ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებები - "შაბათის ეთერმა" პარტიებში ჩანერგილი აგენტები გაშიფრა

17.09.22 21:14
ოპოზიციის ლიდერების თვალთვალის ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებები - "შაბათის ეთერმა" პარტიებში ჩანერგილი აგენტები გაშიფრა

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - მოპოვებულია „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები,  2020 და 2021 წლით თარიღდება. 

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს  ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ. 

სუს-ში ინახებოდა მამუკა ხაზარაძის ვიდეო, რომელიც ზესტაფონში, ხალხთან შეხვედრების შემდეგ, პარტიის ლიდერს, ჩანერგილმა აგენტმა იმ დროს გადაუღო, როდესაც ის  თანაპარტიელებთან ერთად, რესტორანში ვახშმობდა. მოთვალთვალე 29 წლის ახალგაზრდა ქალია. ის პარტია ლელოში საიდუმლო სამსახურის დავალებით გაწევრიანდა, რომ ყველა ამბავი, რასაც მოსმენების სამსახური უკანონო მიყურადების შედეგად ვერ გაიგებდა, "ქართულ ოცნებამდე" მიეტანა. "ლელოს" თვალთვალზე პასუხისმგებელი ადამიანი მიხეილ ტურაბელიძე იყო. 

ჩანერგილი აგენტები ჰყავთ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ოპერატიული ცნობები პოლიტიკოსებზე იმ შემთხვევაშიც კი იწერება, თუ მისაყურადებელი ობიექტი ექიმთან გადასხმაზე მიდის.

ხატია დეკანოიძემ რომ კარდიოლოგიური კვლევები ჩაიტარა, ამის შესახებ ოჯახის წევრებისთვისაც არ უთქვამს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მას კომპლექსური სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა, ექიმთან მარტო დადიოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სუს-იც მასთან ერთად იყო. უკანონოდ მოპოვებულ ფაილებს შორისაა ხატია დეკანოიძის საუბარი დედასთან.

აგენტები იყვნენ ჩანერგილები თაკო ჩარკვიანის პარტიაშიც. მოპოვებული ინფორმაციით, პარტიაში, აგენტის ჩანერგვის შესახებ ხელმძღვანელობას, სუს-ის ოპერმუშაკი გიგლა ბარამიძე უგზავნის. აღსანიშნავია, რომ როდესაც სუს-მა მოქალაქე ა.ტ  თაკო ჩარკვიანის პარტიაში ჩანერგა, ის 20 წლის იყო. ბიჭი ახლაც ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტადაც მუშაობს.

ჩანერგილი აგენტურა მუშაობს გიორგი გახარიას პარტიაშიც. საიდუმლო სამსახურმა ეს თანამდებობიდან ახლად გადამდგარი პრემიერის მხარდამჭერთა დახურული ჯგუფშიც შეაღწია.

"შაბათის ეთერის" მოპოვებულ ასობით ფაილს შორის, პოლიტიკური ლიდერების დაკრძალვებსა და პანაშვიდებზე თვალთვალის ამსახველი მტკიცებულებებიც ინახება.

დგინდება, რომ შალვა ნათელაშვილს სუს-ის აგენტი საკუთარი სიძის გასვენებაში უთვალთვალებდა. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერის და დაქვრივდა  და ნათელაშვილი ჭირისუფალში იდგა, ამაზე სუს-ში ოპერატიულ ცნობებს წერდნენ. პოლიტიკოსს სუს-ის მთელი ჯგუფი უთვალთვალებდა მაშინაც, როცა მდინარე არაგვთან მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სამძიმარზე იყო მისული. "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარეს უთავალთვალებდნენ გურამ დოჩანაშვლის გამოსვენების დროსაც.

ირკვევა, რომ ნათელაშვილის საიდუმლო სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელი, პაპუნა ფარცვანია უთვლათვალბედა.  ეს უკანასკნელი, 2020 წლის 17 აგვისტოს კიდევ ერთ სუსელ, მირიან ხუროშვილთან ერთად, ამერიკის ელჩს უთვალთვალებდა.

პაპუნა ფარცვანია და მირიან ხუროშვილი უთვალთვალებდნენ თბილის საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ნადირაძესაც

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით,  თამარ ზაბახიძეს ევალება ჩანერგილი აგენტების კურატორობა და ოპოზიციონერი ლიდერების ფარული თვალთვალი.

თამარი წერდა ოპერატიულ ცნობებს ზურა ჯაფარიძის შესახებაც. ჩანერგილი აგენტები სუსს ინფორმაციებით "გირჩის" დახურული ჯგუფებიდანაც ამარაგებდნენ. უსმენდნენ, შიფრავდნენ და აანალიზებდნენ პარტიის ლიდერებისა და  პრესსამსახურის თანამშრომლის სატელეფონო საუბრებსაც. მოდული საქმის კურსში იყო, სად აპირებდა დაბადების დღის გადახდას "გირჩის" ლიდერი და ვის ეკუთვნოდა ფართი, რომელსაც ზურა ჯაფარიძე წვეულებისთვის ქირაობდა.

გიორგი ვაშაძეს უთვალთვალებდნენ უკრაინაში და უთვალთვალებდნენ თბილისშიც. სუს-მა დაარქივა ვაშაძის და მისი დედის საუბარი.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სუს-ი უსმენს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ქართული ოცნების რიგით წევრებსაც. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სუსი იწერს და აარქივებს პოლიტიკოსების, მათ შორის "ქართლი ოცნების" წევრების ისეთი შინაარსის აუდიო ფაილებს, რომელსაც პოლიტიკასთან და სამსახურთან საერთო არაფერი აქვს. 

ნახეთ მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი "შაბათის ეთერის" youtube არხზე