ექსკლუზივი: თბილ კაბინეტებში ჯდომის დრო დასრულდა - შოთაძის უწყება გახმაურებული საქმეების პროკურორმა დატოვა

22.04.21 14:46
ექსკლუზივი: თბილ კაბინეტებში ჯდომის დრო დასრულდა - შოთაძის უწყება გახმაურებული საქმეების პროკურორმა დატოვა

გახმაურებული საქმეების პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა, 10 წლიანი მუშაობის შემდეგ პროკურატურა დატოვა. პოსტიდან წასული დათუკიშვილი "ტვ. პირველთან" ამბობს, რომ მართლმსაჯულებაში პრობლემაა. 

"დღეს არსებობს კითხვის ნიშნები სასამართლოსთან მიმართებით. ეს ახალი არ არის და ამას ყველა ამბობს. აღარ არის დრო ვისხდეთ თბილ სავარძლებში და მხოლოდ ხვალინდელი დღით ვიცხოვროთ. ერთადერთი განმაპირობებელი ბოლო დროს განვითარებული პრობლემებიც იყო. როცა ევროპა ამერიკა ასე აქტიურად მოგიწოდებს ქვეყანას, რომ შენ სასწრაფო რეფორმები უნდა გაატარო თუ არადა ჩვენ გზა ასცდები და ევროპაში ამ რეფორმების გარეშე ჩვენ ადგილს ვერ ხედავენ",- ამბობს "ტვ. პირველთან" დათუკიშვილი. 

პროკურორის თქმით, მისი მიზანია, მართლმსაჯულების რეფორმას ემსახუროს.  ყოფილი პროკურორის თქმით, ის სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, რომ "სახელმწიფოს აიძულოს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას". 

სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებით გადავდგამ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც თვითონ სახელმწიფოსაც აიძულებს, რომ იზრუნოს გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე... ფაქტია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს მართლმსაჯულებაში"- დასძინა ყოფილმა პროკურორმა. 

ზაზა დათუკიშვილი "ტვ. პირველთან" სისტემაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს: 

2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა, დაედო დასკვნა და კომისიამ დადო დასკვნა - სასწრაფოდ იყო გასაკეთებელი იგივე გამოძიებისა და სასამართლოს ფუნქციების გამიჯვნა, თუმცა შემდგომში ეს ყველაფერი ისევ შეჩერდა"- ამბობს ყოფილი პროკურორი და იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე შეფასებებისგან თავს შეიკავებს. 

კითხვაზე, ვინ შეაჩერა რეფორმა, ზაზა დათუკიშვილი ამბობს: 

"მე არ ვარ ამ გადაწყვეტილების მიმღები, თავისით რეფორმა ვერ შეჩერდება. თუ არ განახორციელებ რეფორმას ეს ნიშნავს რომ შეჩერდა, შეაჩერეს. შეფასებები ძალიან ბევრი შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მე იურისტი ვარ, არ ვარ პოლიტიკოსი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ მინდა შეფასებებში გადავიჭრა" - აღნიშნა პროკურორმა. 

ზაზა დათუკიშვილი სისტემაში წლების განმავლობაში მუშაობდა, ის იყო  ხადის ხეობაში მომხდარ სასტიკი მკვლელობის საქმის პროკურორი.