მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამჯერად თურქი სპეციალისტები შეიწავლიან
მიხეილ სააკაშვილს 30 კილო აქვს დაკლებული, დაწყებულია კუნთების განლევა, ატროფია - ინფორმაციას მესანმე პრეზიდენტის ოჯახი ავრცელებს. ამ ფონზე კი ჯანდაცვის სამინისტრო სამ ამერიკელ ექსპერტს ჯერ ისევ არ აძლევს ლიცენზიას, ,,ვივა მედში" მესამე პრეზიდენტს კვლევა ჩაუტარონ.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ხელისუფლების მხრიდან პროცედურების გაჭიანურების გამო იძულებული შეიქმნა, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზები ეძებოს. ამ მიზნით ის თურქეთში კომპეტენტურ ნევროლოგებისა და გასტორენტეროლოგების ჯგუფთან მესამე პრეზიდენტის დიაგნოზით ჩავიდა, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის პროტოკოლი გაფართოებული კონსილიუმის ფარგლებში უნდა შეისწავლონ.
მივიღე გადაწყვეტილება, თურქეთში ჩამოვიტანო სააკაშვილის დიაგნოზი, აქ შედგება კონსილიუმი და ამ ექიმებთან უნდა გავიარო კონსულტაციები, რა ჭირს ამ პიროვნებას.
მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე სუსტდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება, უჭირს გადაადგილება. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ხელიდან გვეცლება.
საჭიროა, სანამ ამერიკელები ჩამოვლენ, მანამ გატარდეს ღონისძიებები. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
ჯანდაცვის სამინისტრო სამ ამერიკელ ექიმს ,,ვივა მედში" შესვლის და მესამე პრეზიდენტის გამოკვლევის უფლებას არ აძლევს. მეორე თვეა, რეგულირების სააგენტო არ გასცემს უცხოელ სპეციალისტებზე ლიცენზიას. პრეზიდენტი სააკაშვილი კი ელვისებური სისწრაფით კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს გადაადგილება და დაწყებული აქვს კუნთების განლევა
მიხეილ სააკაშვილისთვის ეს კვირა გადამწყვეტი იქნება - ამბობს პრეზიდენტის დედა. დაცვის მხარე მზადაა, სასამართლოს სასჯელის გადავადების თხოვნით მიმართოს. ახლა ,,ოცნებამ" გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: სიცოცხლე შეუნარჩუნოს მესამე პრეზიდენტს, სასჯელი გადაუვადოს, თუ უარი უთხრა. სააკაშვილის ოჯახი ამერიკელი ექსპერტების ჩამოყვანას ითხოვს.
პრეზიდენტის ადვოკატი ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს ვადას პარასკევამდე აძლევს. თუ კახა შალიკაძე ექიმებს ლიცენზიას არ მისცემს, მაშინ მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადვოკატები საჩივარს შეიტანენ და სააგენტოს უფროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პაციენტის უფლების დარღვევასა და ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო უჩივლებენ.
5 დღეში ზუსტად 1 წელი გადის, რაც სააკაშვილს ხელბორკილები დაადეს. დატოვებენ ციხეში, თუ გაუშვებენ სამკურნალოდ? - ამ კითხვას პასუხი სავარაუდოდ, მომდევნო 10 დღეში გაეცემა.