ყურადღებით დავაკვირდებით ყველა პუნქტის შესრულებას - დევიდ მაკალისტერი

23.04.21 11:56
ყურადღებით დავაკვირდებით ყველა პუნქტის შესრულებას - დევიდ მაკალისტერი

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ყველა პუნქტის შესრულებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  „ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დევიდ მაკალისტერის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის  სისრულეში  მოყვანაა. მაკალისტერი ასევე ნიკა მელიასთან  დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ის თავად თამაშობს  ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს.

ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ჯერ ფურცელზეა ამობეჭდილი. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ყველა პუნქტის შესრულებას. სიტყვებზე მეტად მოქმედებაა მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და ინდივიდუალურ წევრებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი არის საქართველოს წინსვლის გზა კრიზისის გადასაჭრელად. გვქონდა მსჯელობა ნიკა მელიას გათავისუფლების გზებზე და „ლელოს“ ინიციატივაზე, თუმცა ამ ეტაპზე ამ თემას არ შევეხები. ნიკა მელია თავად თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. არ მინდა დეტალებში ჩართვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძალიან სწორად აღნიშნა, როდესაც განაცხადა, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის დასაწყისი და ახლა მთავარი მისი შესრულებაა. აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. ევროპარლამენტი მზადაა საქართველოში ამ პროცესის მხარდასაჭერად, - აცხადებს მაკალისტერი.

უცხოელი დიპლომატი საქართელოში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ევროპარლამენტი ამ პროცესზე დაკვირვების ფორმაზე იმსჯელებს. 

საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება. როგორც წესი, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, მაგრამ ვითვალისწინებთ ამ არჩევნების განსაკუთრებულ დატვირთვას და ჩვენ შესაძლოა, განვიხილოთ, როგორ ვიქნებით ჩართული დაკვირვების პროცესში. საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიაა. ვიცით, ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი, - აცხადებს მაკალისტერი. 
 

მსგავსი სიახლეები