პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შესაძლოა, არ ფიქსირდებოდეს - მიქანაძე NGO-ების მიერ წარდგენილ ომბუდსმენის კანდიდატებზე
,,ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის კანდიდატების პოლიტიკური გემოვნების შემოწმება დაიწყო. მმართველი გუნდი ახლა არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი პირების, გიორგი ბურჯანაძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის ძველ განცხადებებს ინტერნეტში ეძებს, რათა მათ მიუკერძოებლობაში დარწმუნდეს.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გივი მიქანაძე, აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებთან არსებობს გარკვეული კითხვები, რაც მათ პოლიტიკურ მიუკერძოებლობას შეეხება.
წინასწარ გეტყვით, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელთან მიმართებაშიც დგას კითხვის ნიშნები მის ნეიტრალიტეტთან მიმართებაში, მმართველი გუნდისთვის მიუღებელი იქნება.
კონკრეტულ ადამიანებს არაერთხელ დაფიქსირებული აქვთ ღიად, საჯაროდ პოზიცია, ან რაღაც კონკრეტული ქმედება აქვთ განხორციელებული, რომლითაც ეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მათთან შესაძლოა, არ ფიქსირდებოდეს - აცხადებს გივი მიქანაძე.
,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საკმარისი ინფორმაცია გააჩნიათ მესამე სექტორის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებზე და მათ შესახებ გუნდში მსჯელობა გაიმართება.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გაკეთებს იმისათვის, რათა სახალხო დამცველად მისი ნდობით აღჭურვილი პირი გაიყვანოს.