წულუკიანი ამტკიცებს, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი "ცემას უპირებდა" - დავით წიკლაური ბრალდებებს "ტვ პირველთან" პასუხობს
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის სკანდალურ ბრალდებებს "ტვ პირველთან" პასუხობს.
დავით წიკლაური ამბობს, რომ თეა წულუკიანი ცრუობს, როცა ამბობს, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ცემას უპირებდა.
მისი თქმით, მსგავს ფაქტს შეხვედრის დროს ადგილი არ ჰქონია.
წიკლაური "პირველებთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, ის დააკავონ, თუმცა იქვე ამბობს, რომ ის სიმართლის დამტკიცებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წულუკიანთან, სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ მაისში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური საკითხი იყო, რადგან სპორტსმენები ფულად ანაზღაურებებს ითხოვდნენ.
წიკლაურის თქმით, მინისტრის უარის შემდეგ, შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან მინისტრის მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
კრივის ფედერაციის პრეზიდენტის თქმითვე, ინცინდენტის შემდეგ, წულუკიანმა შეუთვალა, რომ პოსტი უნდა დაეტოვებინა. მინისტრმა პასუხად მიიღო, რომ წიკლაური მზად იყო ობიექტურ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
უთანხმოება შიგნით დაიწყო, როცა მარტო დავრჩით. კოლიდორში კი, სადაც ფოტოები უნდა გადაგვეღო და ინტერვიუები უნდა მიგვეცა, კამერები იყვნენ იქ და ყველა ის ფაქტი ექნებათ დაფიქსირებული, რომელიც თქვენ გაინტერესებთ.
ის რაც მაკადრა, და გვაკადრა, ამაზე გავეცი საკადრისი პასუხი, რაც ვერ მოითმინა და 4 თვის შემდეგ დაიწყო საუბარი"- განაცხადა დავით წიკლაურმა.
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვიერი დაპირისპირებისას მისკენ კულუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე გაიწია, თუმცა "საკადრისი პასუხი მიიღო".
"ტვ პირველის" კითხვაზე, დაარტყა თუ არა მან გიორგაძეს, წიკლაური პასუხობს, რომ - არა.
არავისთვის ხალი არ დამირტყამს, ვინმესთვის რომ მეძალადა, როგორ ფიქრობთ, გარეთ ვიქნებოდი?! როგორც კი მოხდა გაუგებრობა, შევთავაზე, რომ ფედერაციის მხრიდან იქნებოდა ორი წარმომადგენელი, სამინისტროს მხრიდან ორი ადამიანი ყოფილიყო, რომელიც პროცესებზე პასუხისმგებლობას აიღებდა. ამის შემდეგ გადავდგებოდი მე, დათო წიკლაური, ჩატარებულიყო არჩევნები ჩარევის გარეშე, რაზეც მივიღე პასუხი - "გადადგეს და დანარჩებს მე მივხედავო" - აცხადებს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.
თეა წულუკიანმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ წიკლაური მასთან შეხვედრაზე "ფულს ითხოვდა", უარის შემდეგ კი "დასარტყმელად გაიწია":
"ადამიანს, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია, მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ. ახლა გარკვეული ფორმა, რომელიც იანვრამდე იმოქმედებს, მაინც ვიპოვეთ, რომ კრივი დავაფინანსოთ და არა ამ კონკრეტული პიროვნების ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. მისი, ასე ვთქვათ, დასარტყმელად გამოქანებაც იმას მოჰყვა, რომ ფულს ითხოვდა და როდესაც პასუხი მიიღო, რომ ეს ახლა შეუძლებელია, მან შეურაცხყოფა გააგრძელა. მე მას ვუთხარი - მოდი, ვიმუშაოთ და გამოაგზავნეთ, რა საჭიროებები გაქვთ და ვიმსჯელებთ-თქო, თუმცა, მისი რეაქცია ასეთი იყო. ამ ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მე, როგორც ქალი და ამ ასაკში, ასეთი რაღაცის წინაშე პირველად აღმოვჩნდი". - თქვა მინისტრმა.