რუსულ ნომრიან მანქანებს საქართველოში სისტემა ვერ აჯარიმებს
უცხო ქვეყნების სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში საქართველოში დაჯარიმებას არ ექვემდებარება. რატომ სარგებლობენ პრივილეგიებით რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები? ირკვევა, რომ სისტემა ვერ ახდენს უცხო სანომრე ნიშნის მქონე ტრანსპორტის იდენტიფიცირებას.
სხვა სახელმწიფოების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, დარღვევის შემთხვევაში უცხო ქვეყნების მანქანების მძღოლები სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს იხდიან ჯარიმას, რაც საქართველოს შემთხვევაში არ ხდება.
დღეს ეს ყველაფერი უფრო მწვავე ხდება, რადგან ეს 30 კილომეტრიანი კოლონები როცა გროვდება ჩვენს საზღვართან, შემდგომში ხვდებიან ჩვენს ქვეყანაში და მათ პრაქტიკულად, შეუძლიათ, საგზაო წესები დაარღვიონ ულიმიტოდ და მათზე არ გავრცელდება შესაბამისი სანქციები.
ევროპაში თქვენ ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც საგზაო წესების დამრღვევებს არჩევენ სანომრე ნიშნებით, ან ეთნიკურად. თუ საგზაო მოძრაობის წესები დაირღვა, მასზე სანქცია ერთნაირად უნდა გატარდეს იმის მიუხედავად, რომელ ქვეყანას წარმოადგენს ესა თუ ის სატრანსპორტე საშუალება. - აცხადებს საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი
რატომ არ ხდება უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებიანი მანქანების დაჯარიმება? ,,ტვ პირველმა ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დროისთვის არ ჩანს.