აღნიშნული განაცხადი შეურაცხმყოფელია - ლომჯარიას სასამართლო სისტემის კრიტიკის გამო პარლამენტში პასუხი მოსთხოვეს
სასამართლო სისტემის კრიტიკის გამო სახალხო დამცველს პარლამენტში პასუხი მოსთხოვეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ, რომელიც ომბუდსმენის ყოველწლიურ მოსმენას ესწრებოდა, მოითხოვა, ნინო ლომჯარიას განემარტა და კონკრეტული მტკიცებულებები წარმოედგინა კლანის არსებობის შესახებ.
თქვენგან მტკიცების ფორმატშია სასამართლოს მართვა გავლენიანი ჯგუფების მიერ. მაინტერესებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა, რადგან ჩემთვის, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის , ასევე ნებისმიერი მოსამართლისთვის, აღნიშნული განაცხადი შეურაცხმყოფელია. მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებს ჩემს გადაწყვეტილებებში.
ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ფიქრობთ ასე და რა მტკიცებულებებს ეყრდნობით - განაცხადა მოსამართლემ პარლამენტის სხდომაზე.
კითხვაზე პასუხად ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რაზეც ყოფილი მოსამართლეებიც საუბრობენ.
მათემატიკური სიზუსტით ხდებოდა იუსტიციის საბჭოში ხმების ისეთი გადანაწილება, მაგალითად უზენაესი მოსამართლის არჩევაზე, რომ არჩეულიყვნენ კონკრეტულად მათთვის სასურველი მოსამართლეები, კონკრეტული ფაქტებით ვამტკიცებთ იმ კოორდინირებულ ქმედებებზე, რასაც რაღაც გავლენიანი ჯგუფი ახორციელებს სასამართლო სისტემაში, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნის მიმართულებით.
არაერთმა ყოფილმა მოსამართლემ დაიწყო გავლენიანი ჯგუფების და მათი ჩარევის თაობაზე საჯაროდ საუბარი. მათ სახალხო დამცველს კონფიდენციალურადაც მიაწოდეს ინფორმაცია. - თქვა ნინო ლომჯარიამ.
პარლამენტში ნინო ლომჯარიას გამოსვლა ამ დრომდე კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ომბუდსმენი თავისი მოხსენებით მომდევნო კვირას საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სასესიო სხდომაზეც წარსდგება.