ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და იცავდეს ადამიანის უფლებებს - ომბუდსმენობის კანდიდატი, ქეთევან ჩაჩავა
ეყოლება თუ არა ქვეყანას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, პროფესიონალი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი?
,,ტვ პირველი" ომბუდსმენობის რამოდენიმე კანდიდატს ესაუბრა. ყველა მათგანი აცხადებს, რომ განაცხადის შეტანაზე კონსულტაციები არავისთან გაუვლია.
პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ არავისთან გამივლია კონსულტაციები, თუმცა, თქვენი ეთერის საშუალებით მინდა, დავაფიქსირო ღიაობა.
ადამიანის უფლებები არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როცა ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე. ჩემთვის საქართველო, რომელიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის, იცავდეს ადამიანის უფლებებს.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, თუ ეს პატივი მერგო, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები გაუმჯობესდეს - აცხადებს ომბუდსმენის ერთ-ერთი კანდიდატი, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა.
ომბუდსმენის კიდევ ერთი კანდიდატი, ლელა გაფრინდაშვილი, აცხადებს, რომ საქართველოში ბევრია გასაკეთებელი შრომის უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მარტოხელა დედებისა და ხანდაზმულთა უფლებების კუთხით.
მაშინ, როცა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, შრომის უსაფრთხოების, ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, თუ არ ჩავთვლით აქტივისტებს. ავიღოთ მარტოხელა დედები, ეს საკმაოდ დიდი, საინტერესო ჯგუფია, მათ არ ექცევათ სათანადო ყურადღება. ასვე ხანდაზმულებს. ისინი მკვლევარტა ვიწრო ჯგუფის ყურადღებას თუ დაიმსახურებენ და ესაა. სინამდვილეში კი ეს უდიდესი პრობლემაა - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი, ორგანიზაციის ,,ქალების ინიციატივა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე.
სახალხო დამცველის კანდიდატები აცხადებენ, რომ ომბუდსმენის აპარატი საქართველოში სულ რაღაც 30 წელს ითვლის და მის წინაშე უამრავი გამოწვევა რჩება.