"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - აფგან მუხთარლიმ ის მაღალჩინოსანი ამოიცნო, ვინც თბილისიდან გაიტაცა
"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ექსკლუზივი - სახელმწიფოებრივი გატაცების ბურუსით მოცული საქმის დღემდე უთქმელი ამბები პირველად "ტვ პირველის" ეთერში გახმაურდა.
გატაცებიდან 5 წლის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ "შაბათის ეთერთან" ის ადამიანები ამოიცნო, ვინც ის თბილისიდან გაიტაცა და აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცა.
ყველაფერი სუს-ის ყოფილი შეფის, სოსო გოგაშვილის სკანდალური წერილიდან დაიწყო, სადაც ის აფგან მუხთარლის გატაცების სრულ სცენარს დეტალურად აღწერს. გოგაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მარნეულიდან უნდა გაეტაცებინათ, სპეცოპერაციის ჩატარება კი ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ოთარ კუპრაშვილს დაავალა, თუმცა სუს-ის მაღალჩინოსანმა გეგმას გადაუხვია და ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს და ბევრი კვალიც დატოვეს.
გოგაშვილის მტკიცებით, ფაქტს ბიძინა ივანიშვილის განრისხება და გომალაურის გაღიზიანება მოჰყვა. აფგან მუხთარლის გატაცების შემსრულებელი, ოთარ კუპრაშილი კი მძიმე დღეში აღმოჩნდა.
პატიმრობაში მყოფი გოგაშვილი, ამტკიცებს, რომ დაჭერის შიშით შეპყრობილმა კუპრაშვილმა მას სპეცოპერაციის ყველა დეტალი უამბო:
მან მოყვა შემდეგი დავალება: წავიყვანე რამდენიმე ბიჭი, კახა თოფურია (გარდაიცვალა) რომელიც იყო კუპრაშვილის მოადგილე, გიორგი ტრაპაიძე (მთ. სამმართველოს უფროსი, რომელიც შემდეგ დააწინაურეს, ახლა არის კონტრდაზვერვის უფროსი) ზვიად ბალარჯიშვილი ( ამჟამად გ. ტრაპაიძის მოადგილე) ოფიცერი ერქომაიშვილი, ორის გვარი არ მახსოვს... მუხთარლი ქალაქიდან არ გასულა ამ დღეების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქგარეთ უნდა ჩამესვა, კარგი მომენტი ჩამივარდა და ქალაქში მოვკიდეთ ხელი, ჩავსვით და წავიყვანეთ ლაგოდეხის მიმართულებით.
ჩემს "ტოიოტას" ჯიპში (LC 200) და ვიჯექით მე და თოფურია, რომელიც მეუბნებოდა, რომ ამას აქ ნუ გააკეთებთო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ იქვე სჯობდა გაკეთება და მე-2 მანქანაში (ცისფერი ფერის "ჰიუნდაი სედანი") ისხდნენ ოთხნი, კონტრდაზვერვის ბიჭები, რომლებიც მყავდნენ წაყვანილი. კუპრაშვილმა მითხრა, ასევე რომ თუ ამაზე ამბავი ატყდება, ხომ არ დამიჭერენო"- წერს გოგაშვილი "შაბათის ეთერს".
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მის მიერ დასახელებული ძალოვანების ფოტო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აჩვენეს, მუხთარლიმ ხელი მესამე ფოტოზე მყოფ პირს - გიორგი ტრაპაიძეს დაადო.
ის ძალიან ჰგავს ადამიანს, რომელიც გატაცების დროს საჭეს მართავდა. ის ხშარად მიყურებდა მე მანქანის შუა სარკიდან, ამიტომ მისი სახე დამამახსოვრდა. ჩემს გვერდით მსხდომი ადამიანები ცდილობდნენ, რომ არ შემოეხედათ, ორივე ფანჯარაში იყურებოდა. მძღოლი კი რომელიც ძალიან ჰგავს ფოტოზე თქვენს მეირ ნაჩვენებ ადამიანს დაჟინებით მიყურებდა. ამას ვამჩნევდი იქამდე ვიდრე აეროპორტის ტრასაზე მონუმენტთან თავზე ტომარა არ ჩამომაცვეს"- აცხადებს "შაბათის ეთერთან" აფგან მუხთარლი.
ადამიანის გატაცებაში მხილებული სუს-ის თანამშრომელი, გიორგი ტრაპაიძე "თაბათის ეთერს" დაემალა, ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა ოთარ კუპრაშილმაც.
რატომ გაიტაცეს მუხთარლი? - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ყვება, რომ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის გატაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებს სთხოვა, ივანიშვილმა კი ეს ამბავი გომელეუას დაავალა.