ძალოვანების საზღვარგარეთ მასობრივი გადინება არ ხდება, ეს ხელოვნური აჟიოტაჟია - ირაკლი ბერაია
არ ხდება ძალოვანების მასობრივი გადინება საზღვარგარეთ, ეს ხელოვნური აჟიოტაჟია - პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უარყოფს ინფორმაციას, რომ ქართველი ჯარისკაცები და პოლიცილები საზღვარგარეთ მასობრივად გარბიან.
გარწმუნებთ, რომ ისეთ მასობრივ გადინებას, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, ადგილი არ აქვს. ამ აჟიოტაჟის ატეხვა უწყებებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნურად ხდება.
დღეს ჩვენს ჯარს და პოლიციას აქვს სამსახურის და ცხოვრების საუკეთესო პირობები - აცხადებს ირაკლი ბერაია.
რატომ ხდება ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მასობრივი გადინება ქვეყნიდან? თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კრიმინალური პოლიციის ერთ ერთმა თანამშრომელმა ,,ტვ პირველი" ბერა ივანიშვილის ძმაკაცის დაკავების დეტალები უამბო და თქვა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული მოქალაქის ნაცვლად სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციების დასჯა დაიწყო.
იმ მონაცემებით, რაც ,,ტვ პირველმა" შსს-დან გამოითხოვა, მხოლოდ გომელაურის უწყებიდან 4 ათასზე მეტი თანამშრომელია საზღვარგარეთ წასული.