„პალატაში შეუვარდნენ, რამაც სამედიცინო კრიზი გამოიწვია" - სააკაშვილმა ჩვენება ვერ მისცა

04.10.22 17:24
„პალატაში შეუვარდნენ, რამაც სამედიცინო კრიზი გამოიწვია" - სააკაშვილმა ჩვენება ვერ მისცა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს ჩვენება ვერ მისცა. „ვივამედში“  მისული მოსამართლის და პროკურორების თვალწინ მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე ექიმების გამოძახება გახდა საჭირო და პროცესი გადაიდო. 

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პალატაში შეუარდნენ და სწორედ ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება.

თუთბერიძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორების დროს, შესაძლოა ყველანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მონაწილეები გავხდეთ.

„შეუვარდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც არის მწოლიარე მდგომარეობაში. ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება - სამედიცინო კრიზი, წნევის მკაფიო ცვალებადობა, რის გამოც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა.
დიდი შანსია, მსგავსი შემთხვევის განმეორების დროს, ყველანი გავხდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლლელობის მონაწილეები. იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან მაღალია რისკი, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულება მოხდეს და დადგეს ფატალური შედეგი“. - ამბობს შოთა თუთბერიძე.

ადვოკატის განცხადების მიუხედავად, პროკურატურა ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩვენების მიცემა შეეძლო. 

საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძის თქმით, სააკაშვილის პალატაში შესვლის შემდეგ მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მათთან სასაუბრო არაფერი აქვს“.

„კლინიკა „ვივამედში“ მოსვლის შემდეგ ადვოკატმა სააკაშვილთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და არ შეუძლია ჩვენების მიცემა. როდესაც შევედით პალატაში, სასამართლოს შეკითხვაზე აძლევდა თუ არა ჩვენებას, სააკაშვილმა განმარტა „თქვენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს“ არც ექიმთან კონსულტაციამდე და არც მისი კონსულტაციის შემდეგო. მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ დაფიქსირდა, რომ სააკაშვილს არ სურს ჩვენების მიცემა". - ამბობს პროკურორი.

პარალელურად, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ამ წუთებში სააკაშვილთან შეხვედრას ამერიკიდან ჩამოსული ნევროლოგი ცდილობს, რომლმაც სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესი უნდა დაიწყოს.


 

მსგავსი სიახლეები