ჩვენ გამიჯნული ვართ, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები - პრემიერი ანტიამერიკულ მოძრაობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირწმუნება, რომ "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულებთან გამიჯნულია. მეტიც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარის ჯგუფთან "პოზიციებში განსხვავებები აქვთ".
რა თქმა უნდა, ჩვენ გამიჯნული ვართ, ისინი თავად გაგვემიჯნნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები"- აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერის განცხადებით, "გამიჯნულებს" უთხრეს, რომ საქართველოს სჭირდება " მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე".
ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ვართ დემოკრატიული საზოგადოება და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეისა და იდეოლოგიის განვითარებას და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი არის მისაღები.
ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან"- განაცხადა ღარიბაშვილმა.