ვინ ან რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

04.10.22 19:22
ვინ ან რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი?  - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

დმანისის მუზეუმის ხელმძღვანელის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ჩვენებებს დაღუპულის თანამშრომლები აძლევენ. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. პოლიციამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას - გამოიწვია თუ არა 50 წლის გოჩა კილაძის ტრაგიკული სიკვდილი შესაძლო ზეწოლამ კულტურის სამინისტროდან. გამოკითხვებზე დაისვა კითხვა - დმანისის და ბოლნისის მუზეუმების აუდიტორულ შემოწმებაზე და წულუკიანის უწყებიდან გენერალური ინსპექციის შესაძლო გაგზავნაზე.

გოჩა კილაძის ცხედარი დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს იპოვეს. გარდაცვლილი, ბოლო 30 წლის განმავლობაში დმანისში მუშაობდა და იქვე, მუზეუმის კვლევით ბაზაზე ცხოვრობდა. გარდაცვლილი მეცნიერი სოფელ პატარა დმანისის მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებოდა, თუმცა გუშინ დილის შემდეგ ის გაქრა. კვლევით ბაზაზე მისულ ადგილობრივ ახალგაზრდას საზარელი სურათი დახვდა.

სოფელ პატარა დმანისის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მუზეუმშია დასაქმებული. ამბობენ, რომ ზაფხულის ბოლოს კულტურის სამინისტროდან შემოწმება მოვიდა. თუმცა აღმოაჩინეს თუ არა რაიმე დარღვევები, არავინ იცის.

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, გაუგზავნა თუ არა წულუკიანმა გენინსპექცია გარდაცვლილ მეცნიერს და დაიწერა თუ არა რაიმე დასკვნა.

მუზეუმის სტაჟიანი  მეცნიერის გარდაცვალების ამბავზე კულტურის სამინისტრო მთელი დღე დუმდა. თეა წულუკიანის უწყებამ ტვ პირველს მხოლოდ დღის მეორე ნახევარში უთხრა, რომ გარდაცვლილი გოჩა კილაძე სკანდალით ცნობილ ოროზმანის კბილთან დაკავშირებით არასდროს გამოკითხულა და სატელეფონო კომუნიკაციაც კი არ ყოფილა მასთან. რაც შეეხება კითხვას - გააგზავნა თუ არა წულუკიანმა მონიტორინგი დმანისისა და ბოლნისის მუზეუმების შესამოწმებლად, ამაზე კულტურის სამინისტროში არაფერს ამბობენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები