ადვოკატის მტკიცებით, შვეიცარული ბანკი ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდას აპირებდა, თუმცა პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადოკატი, ირწმუნება, რომ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი ბიძინა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდას აპირებდა, თუმცა მოულოდნელად გადაიფიქრა.
მეტიც, "ემ ქეი დი"-ის განცხადების თანახმად, ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ:
ფიქრობთ, უფრო სიმპტომატურია ის, რომ „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა მოსარჩელის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და ღიად აღნიშნავდა, რომ თავადაც აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბანკმა საკითხი სასამართლომდე მიიტანა და შვეიცარიაშივე არ უზრუნველყო საკითხის მოგვარება, კლიენტის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. მეტიც, მან გამოთქვა მზაობა ჩამოსულიყო საქართველოში და პირადად გაესაუბრა ბატონ ივანიშვილთან და ბოდიშიც კი მოეხადა ბანკის ქმედებებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. ბანკის წარმომადგენლის ამგვარი მოქმედება, ზოგადად, ჯდება ბანკის პოლიტიკაში, რადგან ბანკი ყოველთვის ცდილობს ამგვარი პრობლემური საკითხები რაც შეიძლება მოკლე დროში და უხმაუროდ დაასრულოს, კლიენტთან მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ, ბატონ ივანიშვილთან დავა გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ბანკს მანამდე არცერთხელ მოლაპარაკების მზაობა არ გამოუმჟღავნებია. ბატონი ივანიშვილის პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკს ჯერ სამართლიანობა უნდა აღედგინა და მის მიერ მარტის თვიდან დაკავებული ის თანხა უნდა გადმოერიცხა, რომელიც არ არის სადავო და რომ ეს თანხა მოლაპარაკების ნაწილი ვერ იქნებოდა. ამდენად, ბატონი ივანიშვილი არ იყო მზად სამართლიანობის აღდგენამდე და ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება. უცნაურია, რომ ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლის რამდენიმე-დღიანი აქტიური მცდელობების შემდეგ, ბანკმა, შეიძლება ითქვას, მკვეთრად დაამუხრუჭა პროცესი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დამოკიდებულების ასეთი უეცარი ცვლილება ბანკის ტოპ მენეჯმენტის შიდა კონსულტაციის შედეგს წარმოადგენს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ვრცლად ნახეთ აქ