"ვიღაცის არაჯანსაღი ინტერესი", "ივანიშვილს ბლოკავენ" - "ოცნება" ოლიგარქის მილიონების დასაცავად ისევ ერთიანდება
"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის მილიონების დასაცავად ისევ ერთიანდება - მმართველი პარტია შვეიცარულ ბანკს დილიდან აკრიტიკებს.
უმრავლესობის წევრები ივანიშვილის ადვოკატების მსგავსად აცხადებენ, რომ „კრედიტ სუის“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის ბოდიშის მოხდას აპირებდა, თუმცა ბანკმა პოზიცია შეცვალა.
სახელისუფლებო პარტიის წევრები ფაქტის უკან "უხილავ ხელს" ხედავენ.
დავიწყოთ იქიდან, რომ ბოდიში საკმარისი არ არის და თანხა აქვს გადასახდელი. გავაგრძელოთ იმითი, რომ რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ საკუთარი სასამართლოს გადაწყვეტილებები არ აღესრულებინათ.
ვინ ბლოკავს (ივანიშვილს), ეს ადრე თუ გვიან გაირკვევა. იმიტომ რომ 2-3 მიმართულებით ერთდროულად გაჩნდა რაღაც არარსებული პრობლემები და გაჩნდა ეჭვები, რომ გარკვეული ძალები შეიძლება, იბრძოდნენ იმისთვის, რომ რაღაცეები სწორად არ მოხდეს"- აცხადებს ბექა დავითულიანი.
ირაკლი ზარქუას განცხადებით კი, შვეიცარული ბანკის მოქმედება არაშესაბამისი და არადეკვატურია.
როგორც განცხადებაში წერია, რაღაც მომენტში „კრედიტ სუის"-ის წარმომადგენლები გონს მოეგნენ და ბოდიშის მოხდის პროცედურა დაიწყეს. აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას და მორიგებების დაწყებას, რადგან მიხვდნენ, რომ სასამართლოს აგებდნენ"- განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ბექა ოდიშარიამ "პირველებს" განუცხადა, "მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდას და სინგაპურის სასამართლოში გაიმარჯვა და სიმართლე დაამტკიცა". კოლეგების მსგავსად ოდიშარიაც "ვიღაცის არაჯანსაღ ინტერესზე" საუბრობს, თუმცა კითხვეზე, ვინ ბლოკავს ივანიშვილს, დეპუტატი ამბობს, რომ "მკითხავი ვარდო არ არის".
არსებობს რაღაც მოძრაობა, წყალქვეშა დინება, რომელიც კეძო ინსტიტუციას აიძულებს, უსამართლოდ მოიქცეს"- განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადოკატი, ირწმუნება, რომ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე „კრედიტ სუის“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი ბიძინა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდას აპირებდა, თუმცა მოულოდნელად გადაიფიქრა.
მეტიც, "ემ ქეი დი"-ის განცხადების თანახმად, ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ.