ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ არსებობს - ანა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს
თავს ნუ მოვიტყუებთ, ეკონომიკური ზრდა არ არსებობს - ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ეკონომიკის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა.
ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პირობებში საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს არ მიაღწევდა ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანთა რაოდენობა.
ასე კარგად რომ იყოს ეკონომიკაში მდგომარეობა, რასაც ახლა თქვენ გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საქართველოდან გარბის. კი არ მიდის, გარბის ოჯახებიანად.
მოქალაქე ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას, ესე იგი, ის არ არსებობს. ამიტომ ნუ მოვიტყუებთ თავს. - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ანა ნაცვლიშვილის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს საქართველოდან ხალხი გარბის და ეს არის ოპოზიციის ცრუ ნარატივი, რის პოპულარიზაციასაც ხელისუფლების ოპონენტები აქტიურად ეწევიან.
ჩვენ მოგვყავს სტატისტიკა, ეს კი ოპოზიციას აღიზიანებს. მათთვის არ არის კომფორტული პოზიცია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, რიცხვებზე.
ისტორიულ მაქსიმუმზე არ არის ხალხი, რომელიც ქვეყნიდან გარბის. პირიქით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რომ საქართველოდან ისტორიულ მაქსიმუმზეა როცა ხალხი გადის, ქვეყანას ტოვებს და ის ცარიელდება, მათ ადგილს კი უცხოელები იკავებენ. ეს არის ცრუ ნარატივი, რომელსაც ოპოზიცია ცდილობს, პოპულარიზაცია გაუკეთოს.
საქართველოში უამრავ ადამიანს მართლაც უჭირს და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, სპეკულაცია მოვახდინოთ ამ ფაქტით, შევეხოთ გაჭირვებული ადამიანების გრძნობებს. - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.