რადიკალურ ოპოზიციას ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებს - თალაკვაძე
ივანიშვილის და ხიდაშელის ბიზნესპერტნიორობა - "ქართული ოცნება" საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობს. საუბარია ვარაუდზე, რომ დავით ხიდაშელის ბიზნესინტერესების უკან შესაძლოა, რეალურად, რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის, ინტერესები იდგეს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ის მხოლოდ ფილანტროპია. ამასთან, თალაკვაძე თავს ოპოზიციას ესხმის და ამბობს, რომ მათ ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ.
ის გასულია პოლიტიკიდან, ის გახლავთ ფილანტროპი და ადამიანი, ვინც მომავალში ისევ მოქალაქეების სასარგებლოდ განათლების სექტორში, კულტურის სფეროში ახორციელებს ქველმოქმედებას და ეს არის ძალიან დიდი საქმე.
სწორედ ამიტომ, დღეს ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია არის განმსჭვალული პოლიტიკური შურისძიებით და მათი ნებისმიეირ ნაბიჯი, მათ შორის, დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არის ერთადერთით განპირობებული, რომ მათ ამოძრავებთ პოლიტიკური შურისძიება, - ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და პრორუსი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, ოფიციალური ბიზნესპარტნიორები გახდნენ. ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია -საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ" - კომპანია ,,სულაჟერის" წილის 35%-ის მფლობელი გახდა. გარიგება საჯარო რეესტრში 2022 წლის 5 სექტემბერს აისახა.
დავით ხიდაშელი ცნობილი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის, პარტნიორი და ბიზნესების მმართველია. ევტუშენკოვი კი - ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი. მათი საუბრის აუდიო ჩანაწერები 2022 წლის აპრილში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში ერთობლივი ბიზნესპროექტების და სტუმრობის შესახებ იყო საუბარი.