პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ
ამ წუთებში პარლამენტში ნინო ლომჯარია მივიდა. სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა უნდა შეაჯამოს.
ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი 400 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, საგანგაშო მდგომარეობაა სასამართლოში, საპატიმროებსა და სახელმწიფო უწყებებში.
,,ოცნებას" კიდევ ერთი თავდასხმა აქვს დაგეგმილი - უმრავლესობის დეპუტატები არ მალავენ, რომ ომბუდსმენთან კრიტიკული კითხვები აქვთ.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი, სახალხო დამცველის მოღვაწეობის შეფასებისას აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია ხშირად პოლიტიკური განცხადებებს აკეთებს.
ის ხშირად გადის სახალხო დამცველის უფლებამოსილებიდან და პირდაპირ პოლიტიკურ ჩართვებს აკეთებს, მაგალითად, ხელისუფლებას ეძახის, რომ ისინი ღალატობენ ევროპულ კურს, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, ოღონდ არა იმაზე დაყრდნობით, რომ ეს ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევს, არამედ მისი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით ვართ ჩვენ კრიტიკულები - ამბობს ბექა დავითულიანი.
სახალხო დამცველმა ტრიბუნიდან გამოსვლა უკვე დაიწყო. სხდომას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება.