სახალხო დამცველმა სარჩელი შეიტანა არა საპატრიარქოს, არამედ პარლამენტის წინააღმდეგ - ლომჯარია

07.10.22 18:03
სახალხო დამცველმა სარჩელი შეიტანა არა საპატრიარქოს, არამედ პარლამენტის წინააღმდეგ - ლომჯარია

ნინო ლომჯარია "ოცნების" დეპუტატებს პასუხობს.

სახალხო დამცველის თქმით, სახალხო დამცველმა სარჩელი შეიტანა არა საპატრიარქოს წინააღმდეგ, არამედ პარლამენტის წინააღმდეგ და საქმეში მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია.

“არასწორად ითქვა, თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, რადგან სარჩელი შეტანილ იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. 

ასევე განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება მიღებული. ორივე საქმე დააკმაყოფილა. 

რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული მაგალითი მოიყვანეთ, თითქოს ამ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, საქართველოს სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად, აქვს უნიკალური მანდატი, საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული". - განაცხადა ომბუდსმენმა.

დღეს, სახალხო დამცველს პარლამენტში „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა კითხვა დაუსვა, რომელიც ეხებოდა ომბუდსმენის კონსტიტუციურ სარჩელს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საკუთრების გარშემო არსებული ტერიტორიის მინიჭების თაობაზე და ლომჯარია ეკლესიასთან ბრძლაში დაადანაშაულეს.

„რას ერჩით საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას?!“  - ამ კითხვით მიმართეს ბექა ოდიშარიამ და უმრავლესების სხვა წევრებმა ნინო ლომჯარიას. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება, გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და ასევე – საქართველოს „ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მსგავსი სიახლეები