ლეტალური შედეგის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება - სააკაშვილის ადვოკატი
მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ მისი ადვოკატი ვალერი გელბახიანი მივიდა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მხოლოდ უარსდება, რაც იმას ცხადყოფს, რომ დიაგნოზი არასწორად არის დასმული.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ ამერიკელი ექსპერტის მიერ დასმული დიაგნოზი მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადების და უცხოეთში მკურნალობის საშუალებას მისცემს.
გელბახიანის თქმით, თუკი სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა ფატალური შედეგით დასრულდება, ამაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებალდ დადგება.
საექსპერტო დასკვნა სანამ არ იქნება, მანამდე კატეგორიულად ვერ ვაცხადებთ, რა დიაგნოზი აქვს, თუმცა ეს დიაგნოზი ეწინააღმდეგება და არ შეესაბამება, უფრო სწორად, იმ მოსაზრებას, რაც "ვივა მედის" კლინიკის ექიმებს აქვთ. სპეციფიკა, რომელიც აქვთ ჩამოყვანილ ექსპერტებს, არ გააჩნიათ ქართელ ექსპერტებს და სამედიცინო დარგის მუშაკებს. მითუმეტეს, ჩვენ უკვე 4 თვის განმავლობაში ვაკვირდებით კი არა, წერილობით ვარკვევთ და ვადგენთ იმას, რომ სასიცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესება სააკაშვილს არ აღენიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური დინამიკა მკურნალობას არ აქვს და არ აქვს იმიტომ, რომ დიაგნოზი არ არის სწორი. ჩემთვის იქნება მორალურად ძალიან დამთრგუნველი თუ სამედიცინო კორპუსი საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებს, იმიტომ, რომ ჩვენ ლეტალური შედეგები არ გვინდა დადგეს და თუ ეს დადგება, მერე ყველამ უნდა იცოდეს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება. არ სჭირდება ამას დიდი ექსპერტიზა, ადამიანი წოლით რეჟიმზეა უკვე სამი თვეა და ასე უნდა მოიხადოს სასჯელი? მიპასუხოს ვინმემ, წოლითი რეჟიმით იხდიან სასჯელს? სამარცხვინო სახელმწიფოა, - თქვა გელბახიანმა.
აშშ-დან საგანგებოდ მოწვეული ექიმი ჯეიმს კობი მიხეილ სააკაშილს ხვალ მოინახულებს. მესამ ეპრეზიდენტს გამოკვლევები ჩაუტარდება. სწორედ მის დასკვნაზეა დამოკიდებული მიმართავენ თუ არა სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით.
ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ჯეიმს კობის გარდა საქართველოში კიდევ ერთი ამერიკელი ექიმი ჩამოვიდეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესს დისტანციურად აკვირდება.