"სუსიც უსმენს საქართველოს ნებას" - პრემიერის ირონიული პასუხი ტოტალურ მოსმენებზე
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ რეპორტაჟთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განმარტება პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. "პირველებმა" ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა განცდა, რომ სუსი მასაც უსმენს.
პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას ირონიული პასუხი გასცა და უთხრა, რომ "ქართულ ოცნებას" მთელი საქართველო უსმენს". მან ასევე თქვა, რომ მისთვის "ტვ პირველის" ეთერში გასული ჩანაწერები სანდო არ არის.
სუსიც უსმენს საქართველოს ნებას, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცეების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები. ეს არ არის საინტერესო, - თქვა ღარიბაშვილმა.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.
აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.