ყველას, ვინც "ოცნებასთან" თანამშრომლობს, ეშმაკისთვის სული აქვს მიყიდული - სამადაშვილი
ივანიშვილის მიერ საკუთარი თანაგუნდელების ფარულ მოსმენებს ოპოზიციაში დაშინებად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ოლიგარქი "ქართული ოცნების" წევრებს პირდაპირ ეუბნება, რომ მათ თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს.
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ყველა, ვინც მმართველ პარტიასთან თანამშრომლობს, ივანიშილის სახით ეშმაკს მიჰყიდა სული.
დაშინების ელემენტიც არის, მათ შორის, საკუთარ რიგებში, რომ „დიახ, ყველამ იცოდეს, რომ მათ ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს მმართველი ძალა, ბიძინა ივანიშვილის საქმის კურსშია ყველაფრის. ყველა ვინც თანახმაა დღეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლოს, რა რანგშიც არ უნდა იყოს ის, დეპუტატი იქნება თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მას უკვე სული აქვს მიყიდული ეშმაკისთვის, ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ მან დათმო ყველანაირი ღირსება, დათმო პირადი თავისუფლება და საკუთარი თავის პატივისცემა და ჩაბარდა ბოლომდე ბიძინა ივანიშვილს მონად, - თქვა სამადაშვილმა.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.
აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.