ტვირთი, რომელიც ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს რუსეთში ქართულ ნომრიანი მანქანით მოხვდა - რუსული მედია
სატვირთოს, რომლის ტვირთიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, ქართული სანომრე ნიშნები ჰქონდა - სკანდალურ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
Bazaს ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქების საქართველოსთან კავშირი იკვეთება.
ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ტვირთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით, სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოსაწყობად, ჩაიტანეს რუსეთში მანქანით, რომელსაც ქართული ნომრები ჰქონდა. ხოლო ტვირთი განბაჟდა სომხეთში.
"მას შემდეგ, რაც ავტომობილმა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, ის ჩავიდა არმავირში, იქ კი გადმოტვირთეს და მანქანა დაბრუნდა ჩრდილოეთ ოსეთში", - ნათქვამია ტელეგრამ არხის ინფორმაციაში.
ადრე გამოცემა წერდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული ავტომანქანის მძღოლს, მახირ იუსუბოვს, გადაჰქონდა შესაფუთი მასალა, კომპანია ТЭК-34-ის შეკვეთით. აღნიშნული პიროვნება ყირიმის ხიდზე 7 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო, თუმცა გზაში დასაძინებლად გაჩერდა ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში.
მედიის ცნობით, კომპანია ТЭК-34 შუამავლის ფუნქციას შემკვეთს, ტვირთის მიმღებსა და მძღოლს შორის ასრულებს.
ტელეკომპანია РЕН ТВ-ის ინფორმაციით, შემკვეთისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ტვირთი 8 ოქტომბერს დილას უნდა ყოფილიყო ყირიმში.
დღეს დილიდან რუსეთი ამტკიცებს, რომ ტროტილით დატვირთული მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, რუსეთში საქართველოდან შევიდა. ბულგარეთი - სომხეთი - საქართველო და შემდეგ რუსეთი - ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, ასეთი იყო მარშრუტი.
ეს ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო სამსახურის შეფმა მიაწოდა. კრემლი ქერჩის ხიდის აფეთქებას ტერორისტულ აქტად აფასებს და მის უკან უკრაინის სპეცსამსახურებს ხედავს.