აჯანყება თეა წულუკიანის წინააღმდეგ - სპორტული ფედერაციები აქციებს აანონსებენ
სპორტული ფედერაციების აჯანყება თეა წულუკიანის წინააღმდეგ - კრივის ფედერაციის შემდეგ მათ მოთხოვნას უკვე შეუერთდა ნიჩბოსნობის, ფარიკაობის, სამბოს, სასკოლო სპორტის, კანოეს, ბილიარდის, შერეული ორთაბრძოლების, ფრენბურთის ფედერაციები.
სპორტსმენები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და თეა წულუკიანს დიდი პროტესტის ტალღა ელოდება. დაახლოებით 2 კვირაში ისინი მრავალათასიან შეკრებას აანონსებენ, სადაც სპორტსმენები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ სასწრაფოდ გაიყოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
სპორტული ფედერაციების დიდი ნაწილი, რომელიც ამ პროტესტს უერთდება ერთხმად ამბობს, რომ შეუძლებელია ფედერაციების გამართულად ფუნქციონირება თეა წულუკიანი მმართველობის პირობებში, ვინაიდან უკიდურესად გართულებულია კომუნიკაციები სამინისტროსთან.
„ჩვენ არ გვინდა, რომ გაერთიანებულები ვიყოთ სხვა სუბიექტებთან ერთად, ალბათ, ნაკლები ყურადღება რჩებათ ჩვენთვის“. - ამბობს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე.
აფხაზეთის კონტაქტური კარატის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ შენგელიას, თქმით, კი სპორტის სათადარიგო საბურავივით ყოფნა არ შეიძლება.
„სპორტის სათადარიგო საბურავივით ყოფნა არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ სპორტის სფეროში რაც ხდება საქართველოში ისე არსად, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს არის ფედერაციების ერთიანი პოზიცია და მომ,ავალშიც კიდევ გამოჩნდებიან, ვინც იგივეს იტყვის“. - ამბობს ვლადიმერ შენგელია.
სპორტსმენები თეა წულუკიანს აუჯანყდნენ. კრივის ფედერაციის წევრები სპორტის სფეროდან მინისტრის სასწრაფოდ ჩამოშორებას ითხოვენ.
საგანგებო განცხადებით ისინი ირაკლი ღარიბაშვილს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და ზომების მიღებას თხოვენ.